1985 წელს მომხდარი ეიზელის ტრაგედიის შემდეგ ინგლისურმა კლუბებმა 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს ევროპული ტურნირებიდან. ამან ინგლისური ფეხბურთის განვითარება მკვეთრად შეანელა. ”ლივერპულის” შემთხვევაში ამას გუნდში განვითარებული პრობლემები დაემატა - 90-იანი წლების განმავლობაში გუნდში დასუსტდა დისციპლინა და არ გამოჩენილა ძლიერი მწვრთნელი. იზრდებოდნენ მეტად ნიჭიერი მოთამაშეები, თუმცა დაკარგული იყო გუნდის ორგანიზებულობა და შედეგად, 1990 წლიდან 2001 წლამდე გუნდს მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია. ამის საპირისპიროდ, ინგლისის მრავალი ჩემპიონობა გაიფორმა ”ლივერპულის” უპრინციპულესმა მოწინააღმდეგემ, ”მანჩესტერ იუნაიტედმა” და მერსისაიდელების რეკორდულ შედეგებს მიუახლოვდა.
1998 წელს კლუბმა მწვრთნელად მოიწვია ფრანგი ჟერარ ულიე, რომელმაც გუნდში აღადგინა დისციპლინა, მოიტანა ევროპული ტაქტიკური ცოდნა, ჩამოაყალიბა დაბალანსებული კოლექტივი, სადაც სხვადასხვა წარმოშობის მოთამაშეები წარმატებით ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ როლებს. შედეგად, 2000-2001 სეზონი გუნდმა ტრიუმფალური დაბრუნებით აღნიშნა. ინგლისის ლიგის თასისა და ასოციაციის თასის (რომლის ფინალშიც ”წითლებმა” ”არსენალი” მერსისაიდული გუნდის აღსაზრდელის, მაიკლ ოუენის დუბლის წყალობით დაამარცხეს) მოგების შემდეგ ”ლივერპულმა” უეფას თასის ფინალს მიაღწია, სადაც მათი მეტოქე ესპანური ”ალავესი” იყო. ულიეს გუნდს ფინალამდე გზაზე რომა, პორტო და ბარსელონა ჰყავდათ დამარცხებული. გუნდს ფინელი სემი ჰიპია კაპიტნობდა, ნახევარდაცვის ცენტრში გერმანელი დიტმარ ჰამანისა და 37 წლის შოტლანდიელი გარი მაკალისტერის დუეტი თამაშობდა. ”ლივერპულის” მარჯვენა ფლანგზე ჩანდა 21 წლის სტივენ ჯერარდი, გუნდის მიერ აღზრდილი ინგლისელი ნახევარმცველი.
”ლივერპულმა” მატჩი შედეგიანად დაიწყო და 15 წუთის შემდეგ ანგარიში 2-0 იყო. ამას მოჰყვა მოვლენების კალეიდოსკოპური ცვლილება, რომლის განმავლობაშიც ანგარიში რამდენჯერმე შეიცვალა ერთბურთიანი სხვაობიდან ორბურთიანამდე და ფრემდე. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, რომლის ბოლოსაც ”ალავესის” ორი მოთამაშე გაძევებული იქნა, გადამწყვეტი მომენტი კი 118-ე წუთზე, გარი მაკალისტერის მიერ ჩაწოდებულმა ბურთმა გამოიწვია, რომელიც ესპანელმა მოთამაშემ საკუთარ კარში გადაგზავნა. დორტმუნდში ”ლივერპულის” ევროპული დაბრუნება შედგა.http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_(%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98)#1985.E2.80.932001_.E1.83.AC.E1.83.9A.E1.83.94.E1.83.91.E1.83.98

Комментариев нет:
Отправить комментарий